ახლა შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო პოსტს:,, საკურას ყვავილობის დღესასწაული’’. პოსტში გაიგებთ თუ რა არის საკურას დღესასწაული, ვინ აღნიშნავს ამ დღესასწაულს და კიდევ სხვა ინფორმაციას. ეს დღესასწაული ულამაზესი და საუცხოოა. ასევე იხილავთ ფოტო მასალასაც. გაეცანით და თქვენი მოსაზრება კომენტარების სახით დააფიქსირეთ. დიდი მადლობა!
27 მარტს, 1992 წლიდან მოყოლებული, „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ, საკურას ყვავილობის დღესასწაული აღინიშნება. საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ. მცენარე დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა, რომელიც იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.
იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის სეზონი, სადაც
მარტიდან დაწყებული, დამთავრებული აპრილის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყვავილობას იწყებს ალუბლის ხეები, ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდე არის აყვანილი.
საკურას ყვავილობა დაახლოებით 7 დღემდე გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მის ძირში ატარებენ მთელ დღეს, სვამენ საკეს და ტკბებიან ულამაზესი და სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით.
საკურას სილამაზით მოხიბლულმა ამერიკელებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც წაიღეს და დღეისთვის უკვე ხარობს. თუმცა, მისი ყვავილობის პერიოდი სამშობლოდან მოშორებით, ძალიან ხანმოკლეა.
ვთვლი, რომ თითოეულმა მოგზაურობის მოყვარულმა ადამიანმა, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოინახულოს ამ ულამაზესი ხის ყვავილობა. მანამდე კი, შეგიძლიათ უბრალოდ ამ ულამაზესი ფოტოებით დატკბეთ, რომელიც წელს, საკურას ყვავილობის პერიოდში არის გადაღებული.
მინდა შემოგთავაზოთ პოსტი ყველასათვის საყვარელი პოეტისა და მწერალის ვაჟა-ფშაველას შესახებ. პოსტში გაეცნობით მის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. ჩემთვის ძალიან საინტერესო პოსტია და იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ. კარგი იქნება თუ თქვენს მოსაზრებას კომენტარების სახით დააფიქსირებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 28 მაისი (ძველი სტილით – 15 მაისი[1]), 1862, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915,თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი.
ბიოგრაფია
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის,სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებშიპეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1862 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი – საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემიანარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს – „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი – არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან ჰქროდა. როდესაც „თავისი ანგელოზები“ ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა. ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.
ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით – „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს, რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს „მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას“.
ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
შემოქმედება
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანიერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილისშემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.
ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.
ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.